ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო
სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში


ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში




ბანკეტი რესტორან „მეტეხის ჩრდილში"

ქართული რესტორანი „მეტეხის ჩრდილში“ თბილისის ძველ უბანში მდებარეობს. იგი   გამოირჩევა მყუდრო გარემოთი და ტრადიციული უგემრიელესი კერძებით. რესტორნის   სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ აგრეთვე ნაციონალური სიმღერებითა და ცეკვებით,   სურვილის შემთხვევაში, თავად გამოაცხონ ქართული პური. რესტორნის გამორჩეული   ტერასიდან შეგიძლიათ დატკბეთ ძველი თბილისის ხედით. რაც შეეხება რესტორნის   კონცეფციას, იგი დაფუძნებულია სპექტაკლზე „მეტეხის ჩრდილში“.




საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონახულება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა – ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი;
ეროვნულ მუზეუმში ასევე ინახება აღმოსავლური ძეგლები, მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები და სხვ.




მცხეთისა და გრაკლიანი გორის მონახულება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა აშშ ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X  საუკუნეებს მიაკუთვნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ, რომელიც აწარმოებს გათხრებს, წარწერის თარიღის დაზუსტების მიზნით ნიმუშები მაიამის ბეტა ლაბორატორიაში გააგზავნა. ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, მაიამის ლაბორატორიის მიერ დადგენილი თარიღი  არის ძვ.წ. XI-X  საუკუნეები, რაც სრულიად უნიკალური მოვლენაა. ექსპედიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თარიღის კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით ნიმუშები უკვე გაგზავნილია იტალიაში.
2015 წელს გრაკლიანი გორის გათხრების შედეგად დაფიქსირდა, შესაძლოა,  ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი ძვ.წ. VII  საუკუნის ტაძარი ორი საკურთხევლით, რომლებზეც გამოსახულია ჯერჯერობით  უცნობი დამწერლობის ტექსტები. უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგები არ აქვს. ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ 2700- 3000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა გამოიყენებოდა. ამ ფაქტმა და ადრე აღმოჩენილმა მასალებმა, შესაძლოა, ძვ.წ. VII-VI  საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, ქართლის ისტორიის გარკვეული ეტაპიც შეცვალოს.
      გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური  გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 11 კულტურული ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და სხვა.

გრაკლიანი გორის მონახულების შემდეგ დაგეგმილია მოკლე ექსკურსია მცხეთაში - საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში.