ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო
სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში


ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში 27-30 ნოემბერი, 2019
სიმპოზიუმის ისტორია

 

      ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარების იდეა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში 2016 წელს გაჩნდა.

   2017 წლის 20-23 ნოემბერს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა I საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (თავმჯდომარე - ნინო პოპიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი). სიმპოზიუმში მონაწილეობდა 150-მდე დოქტორანტი და ახალგაზრდა მეცნიერი როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მათ შორის, კემბრიჯის, პარიზის, პრაღის, ლისაბონის, ტარტუს, თეირანისა და სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან.

ახალგაზრდა მეცნიერთა I საერთაშორისო სიმპოზიუმი მიეძღვნა თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორიას, აქტუალურ საკითხებსა და თანამედროვე გამოწვევებს. 

    2018 წლის 14-17 ნოემბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეორედ უმასპინძლა ჰუმანიტარული მეცნიერებების შესწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევრებს. ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმი მიეძღვნა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს (თავმჯდომარე - თეა ქამუშაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ანთროპოლოგიის დოქტორი). სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავეს დარგობრივმა და თემატურმა სექციებმა, მოეწყო მრგვალი მაგიდა და სადისკუსიო ფორუმები, გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა. მსგავსად პირველი სიმპოზიუმისა, 2018 წელიც გამოირჩეოდა მონაწილეთა დიდი რაოდენობით; კერძოდ, სიმპოზიუმზე მოხსენებით წარსდგნენ როგორც თსუ დოქტორანტები, ისე ახალგაზრდა მეცნიერები დედაქალაქის სხვა უნივერსიტეტებიდან (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართული უნივერსიტეტი და სხვ.), და რეგიონებიდან, ასევე საზღვარგარეთიდან (გერმანიის, ესტონეთის, იტალიის და სხვა უნივერსიტეტებიდან).

     თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ტრადიცილუად  წელსაც უმასპინძლებს ახალგაზრდა მეცნიერთა რიგით III საერთაშორისო სიმპოზიუმს  ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რომელიც გაიმართება 27-30 ნოემბერს.

    სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს ის, რომ წლევანდელი სიმპოზიუმი გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; სიმპოზიუმის კოორდინატორი - ივანე მჭედელაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკრაინისტიკის ინსტიტუტის სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი). წლევანდელი სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულებაა აღმოსავლეთმცდონეობის სწავლებისა და კვლევის ასწლოვანი ისტორია საქართველოში და დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში.